ლონდონში რუსული სადაზვერვო სამსახურების დახმარების ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს
ლონდონში რუსული სადაზვერვო სამსახურების დახმარების ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს. მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, 48, 45 და 44 წლის მამაკაცები დასავლეთ და ცენტრალურ ლონდონში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნულ მისამართებზე ჩხრეკა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური დაზვერვის სამსახურები სულ უფრო მეტ ადამიანს ასაქმებენ. ეს დაპატიმრებები პირდაპირ კავშირშია ჩვენს მუდმივ ძალისხმევასთან, რათა ხელი შევუშალოთ ამ ტიპის საქმიანობას“, – განაცხადა ლონდონის ანტიტერორისტული პოლიციის უფროსმა, დომინიკ მერფიმ.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაპატიმრებები 2023 წელს მიღებული ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, პროკურორებს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების უფრო ფართო გარემოებებში გასამართლების საშუალება მისცეს.