ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია პლენარული სხდომით დაიხურება
ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია პლენარული სხდომით დაიხურება

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში დღეს დაიხურება. საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 29 წევრი სახელმწიფოსა და 12 ასპირანტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე (თბილისის დროით 12:00) მიმართავს.

მედლინ მუნმა საქართველოს პირველ არხის კორესპონდენტს ლონდონში განუცხადა, რომ მისი სიტყვა აუცილებლად შეეხება საქართველოში ვიზიტს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სიტყვით მიმართვის შემდეგ ტრიბუნას გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ნიკოლას კარტერი და მოგვიანებით უკვე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ბენ უოლასი დაიკავებენ.

პლენარულ სხდომას შეუერთდება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ინგლისის დედაქალაქს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის დახურვაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრება.

გამომსვლელების შემდეგ გათვალისწინებულია კითხვა-პასუხის რეჟიმი.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში მომზადებულ და კომიტეტებზე განხილულ ანგარიშებს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ, ასევე კენჭს უყრიან სხვადსხვა დოკუმენტში შესატან შესწორებებს.