ლონდონში, პარლამენტის მოედანზე მამაკაცების ძეგლების გვერდით, ქალის ქანდაკება პირველად გაიხსნა
ბრიტანეთის დედაქალაქში, პარლამენტის მოედანზე მე-19 საუკუნის ფემინისტი ქალის მილისენტ ფოსეტის ქანდაკება გაიხსნა. ლონდონის პარლამენტის მოედანზე ეს ქალის პირველი ქანდაკებაა. სკულპტურის ავტორი ჯილიან ვერინგია. აქამდე მოედანზე მხოლოდ მამაკაცების თერთმეტი ძეგლი იდგა, მათ შორის უინსტონ ჩერჩილის, მაჰათმა განდისა და ნელსონ მანდელას ძეგლები.
მილისენტ ფოსეტი ინგლისელი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდა. 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1918 წელს, ბრიტანელი ქალების ერთ ნაწილს ეს უფლება მიანიჭეს.
საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ ლონდონელებს სიტყვით მიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. მისი თქმით, მილისენტ ფოსეტის ბრძოლის გარეშე, ის დღეს, ბრიტანეთის ლიდერი ვერ იდგებოდა.