ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს
ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს

ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მუზეუმის ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება წყვილის მხრიდან სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარის თქმის შემდეგ მიიღეს.

ლონდონში მდებარე მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქანდაკებები დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული. თუმცა წყვილის გადაწყვეტილების შემდეგ მუზეუმის ხელმძღვანელობამ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქანდაკებების აღება გადაწყვიტა. ჯერ უცნობია, განათავსებენ თუ არ წყვილის ქანდაკებას მუზეუმში სხვა ლოკაციაზე.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები მადამ ტიუსოს მუზეუმში გასული წლის 9 მაისს, წყვილის სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე განათავსეს.

ცოტა ხსნი წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ. წყვილმა აღნიშნა, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ.

„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშაოთ, რათა გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.

წყვილი აღნიშნავს, რომ ცხოვრებას ნაწილობრივ დიდ ბრიტანეთში, ნაწილობრივ კი – ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათი თქმით, ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის გახსნას აპირებენ.

დატოვე კომენტარი