ლონდონში ლესბოსელ წყვილს ოთხმა მამაკაცმა სცემა
ლონდონში ლესბოსელ წყვილს ოთხმა მამაკაცმა სცემა

ლონდონში ლესბოსელ წყვილს ოთხმა მამაკაცმა სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 30 მაისს მოხდა. თავდასხმის მსხვერპლმა, მელანია გეიმონატმა მეგობართან ერთად გადაღებული სურათი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მათი სხეული და ტანსაცმელი სისხლითაა დასვრილი. ინციდენტი ავტობუსში მოხდა.

მელანია გეიმონატი ამბობს, რომ თავდამსხმელები წყვილს შეურაცხმყოფელი კომენტარებით მიმართავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისთვის ეკოცნათ. მელანია გეიმონატის თქმით, მისი მეგობარი თავდამსხმელებს შეეწინააღმდეგა, მაგრამ მას ცემა დაუწყეს. ჩარევის შემდეგ კი თავად მელანია გეიმონატსაც სცემეს. თავდამსხმელებმა მობილური ტელეფონი და ჩანთა წაიღეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმა გამოეხმაურა ლონდონის მერი სადიქ ხანი და ინციდენტს „საზიზღარი და ქალთმოძულე თავდასხმა“ უწოდა. სადიქ ხანის თქმით, ლგბტ+ საზოგადოების წინააღმდეგ თავდასხმა ლონდონში შეწყნარებული არ იქნება.