ლონდონში ჯულიან ასანჟის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ლონდონში ჯულიან ასანჟის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ლონდონში ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს, ლონდონის სასამართლოში ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ მოსმენა იწყება. ჯულიან ასანჟს ვაშინგტონი ერაყსა და ავღანეთში წარმოებული ოპერაციების შესახებ გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებს.

დემონსტრაციაზე ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეთა შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის, კომპოზიტორი ბრაიან ინო, ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ წევრი როჯერ უოტერსი და მომღერალი კრისი ჰაინდი.

მსვლელობა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. საელჩოდან 2019 წლის აპრილში, გამოძევების შემდეგ, ასანჟი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს და მას სასამართლოში გამოუცხადებლობისთვის 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

დატოვე კომენტარი