ლონდონში, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩი თეირანში დაიბარეს
ლონდონში, ირანის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის გამო ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დედაქალაქ თეირანში დაიბარეს.
სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ჰუგო შორტერი თეირანში დღეს დაიბარეს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანის „ძლიერი“ გზავნილი ელჩს დროშის „შეურაცხყოფისა“ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებებთან დაკავშირებით გადაეცა.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციების პარალელურად, ლონდონში, ირანის საელჩოს წინ აქცია გაიმართა. აქციაზე ორი პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი საელჩოს შენობის აივანზე ავიდა და ირანის ამჟამინდელი დროშა ქვეყნის ძველი დროშით შეცვალა.
„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ დავგმეთ ირანელი მომიტინგეების მკვლელობა და მოვუწოდეთ ირანის ხელისუფლებას, პატივი სცენ საკუთარი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან პროტესტებში, ძალადობისა და შურისძიების შიშის გარეშე“, – დაწერა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა სოციალურ ქსელში.