ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი

ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი. უცხოელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საზღვარგარეთ გამოცემულ ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებსა და ქართველი გამომცემლების უახლეს წიგნებს.

ახალ თარგმანებზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი კი, ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მაია დანელია და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელ გამომცემლებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, აგენტებსა და პარტნიორებს ხვდებიან.

დაგეგმილია მიღება, სადაც ცენტრისა და ასოციაციის წარმომადგენლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან, იურგენ ბოსთან ერთად საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს შეაჯამებენ.

ლონდონის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად 12 მარტს გაიხსნა და 14 მარტს დაიხურება.