ლონდონის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ავღანეთის მოქალაქეს, რომელიც დამნაშავედ ცნო პარტია „რეფორმის“ ლიდერის მიმართ მკვლელობის მუქარაში
ლონდონის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ავღანეთის მოქალაქეს, რომელიც დამნაშავედ ცნო პარტია „რეფორმის“ ლიდერის მიმართ მკვლელობის მუქარაში

გაერთიანებულ სამეფოში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ავღანეთის მოქალაქეს, რომელიც დამნაშავედ ცნეს პოპულისტური პარტიის, „რეფორმის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის მიმართ მკვლელობის მუქარაში.

კერძოდ, ფაიაზ ხანი ლონდონის სასამართლომ გასულ კვირას დამნაშავედ ცნო 2024 წლის ოქტომბერში „ტიკტოკის“ ვიდეოში ფარაჯის მკვლელობის მუქარის გამო.

პროკურატურის ცნობით, ფარაჯის ერთ-ერთ განცხადებაზე საპასუხოდ ფაიაზ ხანმა გამოაქვეყნა ვიდეო. ჩანაწერში ხანი, რომელსაც სახეზე AK-47 შაშხანის ტატუ აქვს, ამბობს: „პოპ, პოპ, პოპ“ და იარაღის გასროლის მსგავს ჟესტს აკეთებს. თავად ხანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ვიდეო არ იყო ნამდვილი მუქარა.

ჩვენების მიცემისას ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა, რომ ის მუქარის გამო შეშფოთებული იყო.

ფაიაზ ხანი ასევე დამნაშავედ ცნეს ბრიტანეთში უკანონოდ შესვლის მცდელობაშიც, რაც მან აღიარა,

განაჩენის გამოცხადებისას ბრალდებული მოსამართლეს და ნაიჯელ ფარაჯს უყვიროდა. ფაიაზ ხანმა პოლიტიკოსს მიმართა: „თქვენ გსურთ, გახდეთ პრემიერ-მინისტრი. თქვენ მე ცხოვრება გამინადგურეთ“.