ლონდონში, პოლიციის განყოფილებაში ოფიცერი მოკლეს
ლონდონში, პოლიციის განყოფილებაში ოფიცერი მოკლეს

ლონდონის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში პოლიციის ოფიცერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინციდენტი სამხრეთ ლონდონში მოხდა. პოლიციის ოფიცერს განყოფილებაში მყოფმა, დაკავებულმა მამაკაცმა ესროლა. სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ლონდონის პოლიციის უფროსი კრესიდა დიქი ამბობს, რომ ინციდენტი შოკისმომგვრელია, მაგრამ ტერორისტულ თავდასხმად არ განიხილება. ეჭვმიტანილი ნარკოტიკებისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის დააკავეს. ოფიცრის მკვლელობა იშვიათი მოვლენაა ბრიტანეთში, სადაც პოლიციის აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც წესი, უიარაღოა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით ლონდონში მხოლოდ 16 პოლიციელი მოკლეს.

დატოვე კომენტარი