ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

სადიქ ამან ხანის თქმით, საფრთხე, რომელსაც ვირუსი ქალაქს უქმნის, კრიტიკულ ნიშნულზეა. მისი განცხადებით, ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები გასაოცარ საქმიანობას ახორციელებენ, თუმცა შემთხვევების ზრდის სისწრაფის გამო, საავადმყოფოები გადატვირთვის რისკის წინაშეა.

„თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა სადიქ ამან ხანმა.

სტატისტიკის თანახმად, 30 დეკემბრიდან 6 იანვრამდე ლონდონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 27 პროცენტით გაიზარდა. ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურში ყოველდღიურად დაახლოებით 8 000 სატელეფონო ზარი შედის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონს აღწევს. მათ შორის, პანდემიამ 78 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.