ლონდონიდან დღეს საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება
ლონდონიდან დღეს საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

ლონდონიდან დღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ (Georgian Airways) გეგმური ფრენაა, რომლითაც ძირითადად ის მგზავრები სარგებლობენ, რომლებმაც ბილეთები დიდი ხნით ადრე, საერთაშორისო რეისების შეზღუდვამდე შეიძინეს, დარჩენილი ბილეთები, რომელთა რაოდენობამაც 25 ერთეული შეადგინა, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ საკუთარ ვებგვერდზე გასაყიდად გამოიტანა.

„აღნიშნული რეისით ასევე ისარგებლებენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებიც, მათ შორის ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ბრიტანეთში მყოფი 47 სტუდენტი, რომლებიც პანდემიის ფონზე შეზღუდული ფრენების გამო, ვეღარ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში გუშინ ასევე დაბრუნდნენ მოქალაქეები ვარშავიდან და ბერლინიდან.

ამასთან, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები: 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი, 12 აპრილი – თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს.