ლონდა თოლორაიას განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებში მისულ მსხვერპლებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ
ლონდა თოლორაიას განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებში მისულ მსხვერპლებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იგეგმება ფსიქოლოგთა ბაზის ფორმირება. ფსიქოლოგებთან შსს-ს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ყველა იმ საქმეში ჩაერთვებიან, სადაც მსხვერპლი მძიმე სტრესის ქვეშ არის“, – ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ოჯახური ძალადობის კატეგორიის დანაშაულებზე ფსიქოლოგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მალე პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებში ე.წ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები გაჩნდებიან, რომლებიც ფსიქოლოგები იქნებიან და სამართალდამცავ ორგანოებში მოსულ მსხვერპლებთან იმუშავებენ“, – განაცხადა თოლორაიამ.

თოლორაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ორი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა მიმდინარეობს. 

„პირველი კვლევა რეციდივის მაჩვენებელს ეხება, მათ შორის, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევმა რამდენმა პირმა ჩაიდინა ახალი დანაშაული და რა ტიპის იყო ეს დანაშაული. აღნიშნულ კვლევას შსს და პროკურატურა ერთობლივად ატარებს და შედეგები უახლოეს მომავალში გვექნება. ასევე ტარდება განმეორებითი დანაშაულის გამომწვევი მიზეზების კვლევა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულზე, მათ შორის ძალადობაზე ნასამართლევი პირები გამოიკითხნენ და ამ კვლევის შედეგებიც ძალიან მალე იქნება“, – განაცხადა თოლორაიამ.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანი მხოლოდ შსს-ს როლი არ არის, რადგან მსხვერპლს თავშესაფარი, ფსიქოლოგიური, თუ იურიდიული დახმარება სჭირდება და ამ კუთხით, შსს-ს კოორდინაცია აქვს ჯანდაცვისა და არასამთავრობო სექტორთან.