ლონდა თოლორაიას განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა აჩვენა, რომ უკიდურეს შემთხვევამდე, სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავენ
ლონდა თოლორაიას განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა აჩვენა, რომ უკიდურეს შემთხვევამდე, სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავენ

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით შენიშვნები ხშირად ისმის, რომ ის ეფექტიანი არ არის, მაგრამ შემაკავებელი ორდერი პოლიციის თანამშრომლის ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან ის იმწუთიერი რეაგირების მექანიზმია.

ეს განცხადება ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაიცა თუ არა შემაკავებელი ორდერი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეზე ტრაგედიიდან რამდენიმე საათით ადრე, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ განცხადების შემოტანიდან ტრაგედიამდე ძალიან მცირე მონაკვეთი იყო.

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია საერთოდ არ შეიცავდა მონაცემებს, რომ ეს მამაკაცი შესაძლოა, საშიში ყოფილიყო გოგონასთვის, რომლის მკვლელობაც შემდეგ განახორციელა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია ისეთ რისკებსა და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, რომელზეც სხვა ღონისძიებების გატარება იქნებოდა საჭირო და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იყო“, – განაცხადა თოლორაიამ. 

როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 13 აპრილს მომხდარი ტრაგედიით, პირველ რიგში, ის გამოჩნდა, რომ ადამიანები სამართალდამცავ ორგანოებს დროულად არ მიმართავენ.

„დავინახე ის, რომ უკიდურეს შემთხვევამდე, სამართალდამცავ ორგანოში ამის გაცხადება არ ხდება, ან თუ ხდება, როგორც წესი – უფრო შელამაზებულად, ვიდრე რეალობაში. თავშეკავების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს – სირცხვილის გრძნობა, მოძალადის მიმართ შიში და ა.შ“, – განაცხადა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიამ ძალადობის მსხვერპლებს მიმართა, შსს-ს დროულად მიმართონ და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.

გარდა ამისა, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა რისკის შეფასების მექანიზმზე, რომელიც შსს-მ შეიმუშავა და, რომელსაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურასა და რელევანტურ არასამთავრობო ორგანიზაციას ამ კვირაში გაუზიარებს.

„ეს არის კითხვარებისა და იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ოჯახური კონფლიქტების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაირკვეს იმისთვის, რათა პოლიციის თანამშრომელმა რისკები სწორად შეაფასოს, სწორად დაინახოს საშიშროება, რომელიც შესაძლოა, მსხვერპლს ოჯახური კონფლიქტის შედეგად ემუქრებოდეს და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა თოლორაიამ.