ლონდა თოლორაია - ოჯახური დანაშაულების თემაზე პოლიციელები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან
ლონდა თოლორაია - ოჯახური დანაშაულების თემაზე პოლიციელები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან

24 აპრილიდან დაგეგმილია პოლიციელთა სპეციალიზაციის პირველი კურსი და ვიწყებთ მათ სპეციალიზაციას ოჯახური დანაშაულების კუთხით, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა პოლიციის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან შეხვედრები დაიწყო. ჩვენ ვხვდებით არა მხოლოდ მენეჯერებს, არამედ თითოეულ გამომძიებელს, რომელიც პოლიციის დაწესებულებაში მუშაობს. მათ ვაცნობთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, თუ როგორი ხედვა აქვს სამინისტროს ამ დანაშაულებთან მიმართებით“, – განაცხადა თოლორაიამ.

ამ განცხადებით ლონდა თოლორაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვის შემთხვევაში ქალებმა თავი მეორად მსხვერპლად არ იგრძნონ. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ რას სთავაზობს ქალს შსს, თოლორაიამ აღნიშნა, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერის შემდეგ შსს-ს ფუნქციაა, პროცესს მონიტორინგი გაუწიოს, არღვევს თუ არა მოძალადე მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.

ორდერით მოძალადეებს სერიოზული შეზღუდვები უწესდებათ ხოლმე. მათ ეკრძალებათ მსხვერპლთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ხელი მიუწვდებათ, შესაძლოა, ცეცხლსასროლ იარაღთან გათვალისწინებული შეზღუდვები დაუწესდეთ“, – განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, შსს-მ გარკვეული კონცეფცია ამ მიმართულებითაც შეიმუშავა, თუ როგორ უნდა გახდეს მონიტორინგის პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი, რასაც ამ კვირაში ყველა რელევანტურ უწყებას გაუზიარებს.