ლონდა თოლორაია - ოჯახურ დანაშაულებზე მომართვიანობა გაზრდილია
ლონდა თოლორაია - ოჯახურ დანაშაულებზე მომართვიანობა გაზრდილია

ოჯახურ დანაშაულებზე მომართვიანობა გაზრდილია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, გაზრდილია სამართალდამცავი უწყებებისადმი ქალთა მომართვიანობა.

მისი თქმით, 2017 წლის მონაცემებით, სამართალდამცავ ორგანოს ოთხი ათასზე ცოტა მეტმა ქალმა მიმართა, ხოლო 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, უკვე ხუთი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული.

„აღვნიშნავ ასევე იმასაც, რომ სექტემბერში, ანუ მას შემდეგ რაც შსს-ის სისტემაში რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც ნიშნავს, რომ მსხვერპლთა დაცვის მიზნით მონიტორინგის ახალი მექანიზმიც ძალიან ეფექტიანად მუშაობს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

როგორც  შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტრონული სამაჯურების დანერგვაა. მისი თქმით, აღნიშნული სიახლე სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.

„გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს და ასევე გაგრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი ოჯახში ძალადობის კუთხით, რათა ჩვენ ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ კატეგორიის დანაშაულებებზე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ანგარიშს წარადგენს, სადაც საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, ასევე სტატისტიკაზე, როგორ არის გაზრდილი ქალთა მომართვიანობა.

„ასევე გაზრდილია მომართვიანობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, გვექნება საუბარი განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ძალიან მოკლე დროში დავნერგეთ რისკის შეფასების ინსტრუმენტი, დავნერგეთ მოძალადის მონიტორინგის მექანიზმები“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.