ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, რის გამოც არასრულწლოვნებმა პოლიციის დაწესებულებაში განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი
ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, რის გამოც არასრულწლოვნებმა პოლიციის დაწესებულებაში განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმზე ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც თოლორაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები –  10 დეკემბერს დილით, „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული შესაბამისი წარწერები. აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.

„ასევე, ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე ბავშვებისთვის ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა მასზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების მიზნით. პარალელურ რეჟიმში გამოძახებულ იქნა პოლიცია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციის საჭიროებას.

პოლიციის მისვლამდე და შემდგომ ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას. პოლიციის მისვლის შემდეგ ადმინისტრაციამ გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდა არასრულწლოვნის დაბარება პოლიციის განყოფილებაში.

„აღნიშნულის შემდგომ, პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იწყება გამოძიება დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში. პირველ განყოფილებაში ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით იწყება, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ეწერება მ.ჩ.-ს.

გამომძიებელმა ამავე დღეს დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები,  მათ შორის, პოლიციის განყოფილებაში დაიწყო მოწმეთა დაბარება, რომელთა შორის იყო 15 წლის ლ.ს. პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის გამოძახება მშობლის მეშვეობით მოხდა და მშობელთან ერთად ლ.ს.  პოლიციის განყოფლებაში 17:00 საათზე გამოცხადდა“, – განაცხადა თოლორაიამ.

როგორც თოლორაიამ განაცხადა, არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდა პოლიციის განყოფილების ერთიან სივრცეში, რადგან არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები.

არასრულწლოვანთან გასაუბრება პოლიციის დაწესებულებაში მიმდინარეობდა დაახლოებით 6-საათნახევარი. არასრულწლოვანი პოლიციის დაწესებულებაში იმყოფებოდა ღამის 23:30 საათამდე. მასთან გასაუბრება გრძელდებოდა ხანგრძლივი ვადით, მათ შორის ღამის საათებში.

ვინაიდან, პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ამიტომ არასრულწლოვანის გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში, ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები“, – განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამომძიებელი ინსპექტორის სამსახურში  გამოკითხვაზე 17 დეკემბრის 15:00 საათზე დაიბარეს.

„ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა  არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნებიც. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვნებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლიციის დაწესებულებაში, განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს 15:00 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებულ იქნა გამომძიებელი მ.ჩ. რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებულ იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა, პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერებიც.