ბექა ვაჩიბერაძემ „ლომელში“ ითამაშა, მისმა გუნდმა კი ბელგიის თასზე შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ლომელი“ ბელგიის თასის მეხუთე რაუნდში „ტემსეს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ვაჩიბერაძე გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა – 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ჩაატარა და ორ საგოლე შეტევაში მონაწილეობდა, „ლომელი“ კი ბელგიის თასის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
ბელგიურ „ლომელში“ ლატვიური „რიგასიდან“ გადასულმა ქართველმა ნახევარმცველმა გოლი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა და გუნდს „სენტ-ტრუიდენთან“ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, მას შემდეგ კი გუნდის ფორმა ოთხ ოფიციალურ მატჩში მოირგო და ოთხივეჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო.
შეგახსენებთ, რომ ბექა ვაჩიბერაძის საკითხს ფიფა განიხილავს – ფეხბურთელი უკრაინაში გაიზარდა და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, 2017 წელს კი საფეხბურო მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს სახელით გამოსვლა გადაწყვიტა. მაგრამ იურიდიულ ბარიერის გამო ამას ჯერ ვერ ახერხებს. ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-ს მიმართა და საკითხის დროულ მოგვარებაში დახმარება სთხოვა.