„მანჩესტერ სიტის“ მფლობელებმა ბელგიური კლუბი შეიძინეს
„მანჩესტერ სიტის“ მფლობელებმა ბელგიური კლუბი შეიძინეს

ჰოლდინგმა City Football Group, რომელიც ინგლისური გრანდის „მანჩესტერ სიტის“ მფლობელია, ბელგიური კლუბი „ლომელი“ შეიძინა, – იუწყება თავად კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი.

„ლომელი“ ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს და ახალ მფლობელებს იმედი აქვთ, რომ გუნდს სხვა სიმაღლეზე აიყვანენ.

City Football Group -ის აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო განმარტავს, რომ „ლომელის“ ყიდვა ბელგიური ფეხბურთის ბოლოდროინდელ  წარმატებებს უკავშირდება, აგრეთვე ახალი თაობის ბელგიელ მოთამაშეებს, რომლებიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები გახდნენ.

ინვესტორები იმედოვნებენ, რომ „ლომელი“ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების ნამდვილ „სამჭედლოდ“ გადაიქცევა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ City Football Group ფრანგული „ნანსის“ შეძენასაც გეგმავს.