„ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი - შესაძლოა, კვირკველია ერთ-ერთ თურქულ ლიდერში გადავიდეს
„ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი - შესაძლოა, კვირკველია ერთ-ერთ თურქულ ლიდერში გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის” ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელიც ვოლგოგრადის „როტორში” იჯარით თამაშობს, შესაძლოა მალე თურქეთის რომელიმე კლუბში გადავიდეს – ამის შესახებ „ლოკომოტივის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ილია ჰერკუსმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა.

მან დააკონკრეტა, რომ ქართველი მცველის სამსახურით თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდია დაინტერესებული.

„ზამთარში საბას თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერ კლუბში გადასვლა შეუძლია. ზაფხულში ის ვოლგოგრადის „როტორში” იჯარით იმის გამო წავიდა, რომ მის ნაცვლად „ლოკომოტივმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლეგიონერი სლობოდან რაიკოვიჩი შეიძინა. და რომ იყოს ნომინაცია „ყველაზე ცუდი ტრანსფერი”, მაშინ დიდი ალბათობით, რაიკოვიჩი ერთ-ერთი ნომინანტი იქნებოდა. ჩემპიონისა და რუსეთის თასის სამგზის გამარჯვებულის ამ საქციელის მიზეზები არასპორტულია და ამაზე ბევრი დაიწერა. არანაირი სპორტული მიზეზი არ ყოფილა. გავიხსენოთ, რომ 2020 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ფეხბურთელმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან „ლოკომოტივს“ არცერთი არ წაუგია!“ – წერს გერკუსი.

„ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც ქართველით თურქული კლუბი დაინტერესდა.

„ამრიგად, საბამ ცოტა ხნის წინ წვლილი შეიტანა იმაში, რომ კლუბმა ვიცე-ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ამის მიუხედავად, ის გუნდიდან გაუშვეს, თუმცა, დღემდე ხელფასის უმეტეს ნაწილს უხდიან. „როტორსა” და საქართველოს ნაკრებში საბა მუდმივად თამაშობს, შეიძლება არა ბრწყინვალედ, მაგრამ ნორმალურად და საკმაოდ ღირსეულ დონეზე და თურქმა სკაუტებმა შეამჩნიეს. კვირკველიას „ლოკომოტივთან“ ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება. ამიტომ „ლოკომოტივისგან“ გამოსასყიდი თანხა სიმბოლური იქნება. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაბლოკა გუნდმა 2018 წლის ზაფხულში მისი ინგლისში გაყიდვა, არც კი მსურს გავიხსენო” – წერს ჰერკუსი.