„ლოკომოტივის“ მწვრთნელები გამოჯანმრთელდნენ - გუნდი თამაშისთვის ემზადება
„ლოკომოტივის“ მწვრთნელები გამოჯანმრთელდნენ - გუნდი თამაშისთვის ემზადება

მოახლოვდა ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩები. ცნობილი გახდა, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ „საბურთალოსთან“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გამართავს – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

„თბილისის „ლოკომოტივი“ „საბურთალოსთან“ დაგეგმილი ეროვნული ლიგის მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება. სრული შემადგენლობითაა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი. რიკარდო დე ვივო და ლაშა ჭაღიაშვილი სრულიად გამოჯანმრთელებულები დაგვიბრუნდნენ“, – წერია „ლოკომოტივის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის შეხვედრების განრიგი „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო სტაფში დადასტურებული COVID-19-ის ფაქტების გამო შეიცვალა – 26 ოქტომბერს დაგეგმილი, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება თბილისის „ლოკომოტივსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის, 26 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის „ლოკომოტივი“ „საბურთალოსთან“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩს 3 ნოემბერს „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.