ლოიდ ოსტინმა პენტაგონის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზების საკითხი განიხილა
ლოიდ ოსტინმა პენტაგონის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზების საკითხი განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზების საკითხი განიხილა. როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კერძოდ, ოსტინი შეხვდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ტოდ უოლტერს და სხვა მაღალჩინოსნებს უკრაინასა და დასავლეთ რუსეთში შექმნილი ვითარების განსახილველად.

ჯონ კირბის განცხადებით, ლოიდ ოსტინი დეტალურად ინფორმირებულია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და პენტაგონი ხედავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზებას.

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია დღეს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება. მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმშია დაგეგმილი.