ლოიდ ოსტინი - ვნახეთ თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე, შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო, არსებობს ჩვენს ჯარებზე თავდასხმების ესკალაციის პერსპექტივა მთელ რეგიონში
ლოიდ ოსტინი - ვნახეთ თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე, შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო, არსებობს ჩვენს ჯარებზე თავდასხმების ესკალაციის პერსპექტივა მთელ რეგიონში

აშშ შეშფოთებულია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა შეიძლება, გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ახლახან ჩვენ ვნახეთ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პერსპექტივა ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების ესკალაციისა მთელ რეგიონში და ამის გამო, ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან კარგ მდგომარეობაში და ისინი დაცულები არიან“, – განაცხადა ოსტინმა მედიასთან საუბრისას.

ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა განათავსა, მათ შორის ორი ავიამზიდი, დამხმარე ხომალდი და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი.

„რომელიმე ჯგუფი ან ქვეყანა თუ ცდილობს, ეს კონფლიქტი გააფართოოს და ისარგებლოს ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციით, ჩვენი რჩევაა, ნუ გააკეთებთ“, – აღნიშნა ოსტინმა.