ლოიდ ოსტინი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
„ჩავფრინდი კიევში. მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. აგრეთვე გამოვხატოთ ჩვენი ვალდებულება, განვავითაროთ უკრაინის შესაძლებლობები რუსული აგრესიის შესაკავებლად“, – წერს ოსტინი „ტვიტერზე“.
უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკის თავდაცვის მდივანი შეხვდება უკრაინელ კოლეგა ანდრეი ტარანს და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.
ევროპული ტურნეს ფარგლებში, ლოიდ ოსტინმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტი დღეს დაასრულა.
ამასთან, უკრაინის შემდეგ იგი რუმინეთს ეწვევა, ხოლო 21-22 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში ბრიუსელში.
Wheels down in Kyiv. I’m here to reaffirm our unwavering support for Ukraine’s sovereignty, territorial integrity, and Euro-Atlantic aspirations — and to express our commitment to build Ukraine’s capacity to deter further Russian aggression. pic.twitter.com/IUTnQpumfT
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) October 19, 2021