ლოიდ ოსტინი - რუსეთი აგრძელებს თანდათანობითი წარმატებების მიღწევას უკრაინის სამხრეთში, იყენებს სასტიკ მეთოდებს მოსახლეობის მიზანში ამოღებით
ლოიდ ოსტინი - რუსეთი აგრძელებს თანდათანობითი წარმატებების მიღწევას უკრაინის სამხრეთში, იყენებს სასტიკ მეთოდებს მოსახლეობის მიზანში ამოღებით

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სამხრეთში აქვს „თანდათანობითი წარმატებები“ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს სასტიკ და ულმობელ მეთოდებს.

აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის წარმატებებს სამხრეთში, ვიტყოდი, რომ ისინი აგრძელებენ თანდათანობითი წარმატებების მიღწევას. ასევე ვიტყოდი, რომ ისინი იყენებენ სასტიკ, ულმობელ მეთოდებს სამოქალაქო მოსახლეობის მიზანში ამოღების თვალსაზრისით. კვლავ, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი აირჩევს განსხვავებულ გზას. ტკივილი, რომელიც სამოქალაქო პირებმა გადაიტანეს, რთული საყურებელია“, – განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ევროპა ბოლო რამდენიმე თაობის განმავლობაში უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ტრაგიკული უწოდა.

ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსეთის წინდაუხედავი და დაუნდობელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ გამოაცოცხლა უკრაინელი ერი, ნატო და მთელი თავისუფალი სამყარო.