ლოიდ ოსტინი - მადლობას ვუხდი პრემიერ ღარიბაშვილსა და მინისტრ ბურჭულაძეს უსაფრთხოების საერთო პრობლემების განსახილველად და სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დასადასტურებლად შეხვედრისთვის
ლოიდ ოსტინი - მადლობას ვუხდი პრემიერ ღარიბაშვილსა და მინისტრ ბურჭულაძეს უსაფრთხოების საერთო პრობლემების განსახილველად და სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დასადასტურებლად შეხვედრისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თბილისში შესანიშნავი ვიზიტის დასრულება. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძეს უსაფრთხოების საერთო პრობლემების განსახილველად და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დასადასტურებლად გუშინ ჩემთან შეხვედრისთვის“, – წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ლოიდ ოსტინი საკუთარ განცხადებას სოციალურ ქსელში თან ურთავს საქართველოში ვიზიტის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც თვადაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებაშია აღნიშნული, ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

„ორივე შეხვედრაზე თავდაცვის მდივანმა განიხილა უსაფრთხოების რეგიონული სიტუაცია, კერძოდ კი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მდივანმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა დეპარტამენტის ერთგულება, შეინარჩუნოს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და დაეხმაროს საქართველოს, კიდევ უფრო განავითაროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში. მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართულ აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ, მდივანმა ოსტინმა და მინისტრმა ბურჭულაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ახალი ინიციატივის შესახებ. პენტაგონის ცნობით, ეს ინიციატივა იქნება უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრი მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულების შემდეგ.

მდივანი ოსტინი ასევე შეხვდა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლების, რომლებიც განთავსებული არიან საქართველოში ქართველი სამხედრო პერსონალის წვრთნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების ორმხრივი გაძლიერების მხარდასაჭერად. თავდაცვის მდივანი დაესწრო მათ მიერ ორგანიზებულ სამედიცინო სწავლების ღონისძიებას, რა დროსაც გამოიყენა ამერიკელ და ქართველ მონაწილეებთან გასაუბრების შესაძლებლობა და მათი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

დატოვე კომენტარი