ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გლობალურ ვითარებაზე ენერგორესურსების კუთხით
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გლობალურ ვითარებაზე ენერგორესურსების კუთხით

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს გამოეხმაურა.

როგორც ოსტინმა კონგრესში განაცხადა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სფეროს ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგორესურსების ხელმისაწვდომობაზე.

„ამ დარტყმებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გლობალურ ვითარებაზე ენერგორესურსების კუთხით. უკრაინისთვის უმჯობესია, კონცენტრაცია მოახდინოს ტაქტიკურ და ოპერატიულ მიზნებზე, რასაც შეუძლია, უშუალო გავლენა მოახდინოს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – განაცხადა ოსტინმა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აშშ ცდილობს, დაბალანსებული მიდგომა შეინარჩუნოს და, ერთი მხრივ, შეამციროს რუსეთის მიერ ენერგორესურსების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ომის დაფინანსებას ხმარდება, მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზრებზე ენერგორესურსების საკმარისი რაოდენობა იყოს, რათა გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაცია არ მოხდეს.