ლობჟანიძის მორიგი ასისტი - საბამ „ჰათაისპორი“ მარცხისგან ვერ იხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ „ჰათაისფორი“ გასვლაზე „გაზიანთეფთან“ შეხვედრაში მარცხისგან მაინც ვერ გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევი თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში „ჰათაისფორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. სტუმრებმა ანგარიში სწორედ მისი განვითარებული შეტევის შედეგად გახსნეს.

საბა ლობჟანიძემ 27-ე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და კარის წინ მცველებს შორის ბურთი ფეხზე დაასვა აიუბ ელ-ქააბის, მაროკოს ნაკრების თავდამსხმელმა კი ზუსტად დაარტყა და მასპინძელთა კარი აიღო.

მარკო ევტოვიჩმა წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა. „ჰათაისფორმა“ ქულის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეორე ნახევარში ლაზარ მარკოვიჩმა (დუბლი) და ალექსანდრე მერკელმა სტუმართა კარი კიდევ სამჯერ აიღეს და „გაზიანთეფმა“ 4:1 გაიმარჯვა.

22 ტურის შემდეგ „ჰათაისფორმა“ მხოლოდ 20 ქულა დააგროვა (ორი მატჩი მარაგში აქვს) და გასავარდნ ზონაში დაქვეითდა. საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.