წლის ბოლომდე სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი შემცირდება, შეიზღუდება პირთა წრე, ვისაც პერსონალური მანქანით სარგებლობის უფლება ექნება
წლის ბოლომდე სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი შემცირდება, შეიზღუდება პირთა წრე, ვისაც პერსონალური მანქანით სარგებლობის უფლება ექნება

მიმდინარე წლის ბოლომდე სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი 1000 ავტომობილით შემცირდება, ასევე, შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება ექნება, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო ავტოპარკიდან ავტომობილები სარეალიზაციოდ ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.

„წინა ბრიფინგის დროს განვაცხადე, რომ ხარჯი, რომელიც გარკვეულ სტრუქტურებში გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი.  მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე, უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით. აღნიშნული ავტომობილების რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოს დაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ამ ორგანოებმა უკეთესად შეძლონ ფუნქციონირება. ასევე, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან განმარტა, დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ სიახლეებს სხვა ინიციატივებიც მოჰყვება.

„ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ეს მეტი ოპტიმიზაციის საშუალებასა და ამ მიმართულებით ხარჯების კიდევ უფრო დაზოგვას განაპირობებს.