თეა წულუკიანი - რეფორმებით, ანგარიშვალდებული მთავრობით, პარლამენტით და მუნიციპალიტეტებით ​საქართველო OGP-ის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
თეა წულუკიანი - რეფორმებით, ანგარიშვალდებული მთავრობით, პარლამენტით და მუნიციპალიტეტებით ​საქართველო OGP-ის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველო თავისი რეფორმებით, ანგარიშვალდებული მთავრობით, პარლამენტით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 76 წევრისგან შემდგარ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში სამიტის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. ასევე, მისივე თქმით, სამიტი თბილიში ჩატარდა იმიტომაც, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, რომელიც გასულ წელს საფრანგეთისგან გადმოიბარა.

„თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი 2 200 დელეგატს მასპინძლობს. ეს იმავე მასშტაბის გლობალური სამიტია, რომელიც საქართველომდე პარიზში გაიმართა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსნის ღონისძიებაც კარგად ორგანიზებული იყო, რადგან ჩვენს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც ვუერთგულებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი ინფორმაციით, თბილისის სამიტზე „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ხუთი ახალი წევრი სახელმწიფო იქნა მიღებული, რომლებმაც საქართველოს დედაქალაქში გამოხატეს ნება და ორგანიზაციას შეუერთდნენ.

თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. სამიტის სპეციალური სტუმარია მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია.