თეა წულუკიანი - პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩაიწერება და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება
თეა წულუკიანი - პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩაიწერება და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება

საპროკურორო საბჭო არის ღია და გამჭვირვალე ორგანო, მედიისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა აღნიშნული კომენტარი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თქმით, საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია უნდა იყოს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ყველა სხდომის აუდიოჩაწერა ხდება, რომელიც შემდეგ დაინტერესებულ პირს მიეწოდება.

„როგორც წინა ჯერზე იყო, კანდიდატებთან გასაუბრება ახლაც ჩაიწერება, რომელიც განთავსდება საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე. ასე იყო მანამდე და ასე იქნება ახლაც. შესაბამისად, მედიას, საზოგადოებას ექნება სრული შესაძლებლობა გასაუბრება მოისმინოს და ხელმისაწვდომობაც ჰქონდეს. თუმცა უშუალოდ მედიის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ვერ დაესწრებიან, რადგან ასეთია საბჭოს დებულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი შეფასებით, ყველა პროფესიის ადამიანისთვის საჭიროა შესაბამისი სამუშაო გარემო.

„ყველა ადამიანს, პროფესიონალს, პროკურორს, ადვოკატს, მოსამართლეს, მეცნიერს, დეპუტატს სჭირდება სამუშაო გარემო. რადგან საბჭოს ერთ-ერთ წევრი ასე ფიქრობს, არ მგონია, რომ ეს იყოს კარგი აზრი. მედია წინასწარ მოწვეული იქნება, როგორც ამას საბჭოს დებულება ითვალისწინებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ, საბჭოს ნებისმიერი წევრი გამოკითხონ და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

„შესაბამისად, საპროკურორო საბჭო იყო და იქნება თქვენთვის ღია და გამჭვირვალე“, – მიმართა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

საპროკურორო საბჭოს წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ თეა წულუკიანს დღეს მიმართა, საპროკურორო საბჭოს სხდომა, სადაც პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, ღია იყოს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად  შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი  შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ გასული კვირის ბოლოს წარუდგინა.