თბილისში „ევროპული სკოლის“ გახსნაზე „ევრონიუსმა“ რეპორტაჟი მოამზადა
თბილისში „ევროპული სკოლის“ გახსნაზე „ევრონიუსმა“ რეპორტაჟი მოამზადა

თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით „ევრონიუსმა“ რეპორტაჟი მოამზადა.

სიუჟეტის მთავარი გმირი ქარელში მცხოვრები მარიამ ქებაძეა, რომელიც ახალ სასწავლო წელს თბილისში „ევროპულ სკოლაში“ იწყებს. მისი სწავლის საფასური სრულად ევროკავშირმა დაფარა.

როგორც რეპორტაჟის ავტორები ამბობენ, მშობლები დარწმუნებული არიან, რომ „ევროპულ სკოლაში“ სწავლის შემდეგ მარიამს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება, რათა მიზანს მიაღწიოს და დიპლომატი გახდეს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მარიამთან ერთად „ევროპულ სკოლაში“ სწავლა ევროკავშირის პროგრამით კიდევ 30, ქართველ და ხუთი სხვა ქვეყნის მოსწავლეს დაუფინანსეს, რომელთა შორის არიან მოლდოველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.

„რეგიონში, რომლისთვისაც დამახასიათებელია კონფლიქტები და პოლიტიკური არასტაბილურობა, საერთაშორისო სკოლაში სწავლა ახალი თაობის წარმომადგენლებს დააახლოებს და მშვიდობას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ რეპორტაჟის ავტორები.

მათივე თქმით, „ევროპული სკოლა“ 4 სექტემბერს გაიხსნა და ის ევროკავშირისთვის კიდევ ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლითაც რეგიონში ორგანიზაციის როლი გაიზრდება.

„მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან ერთად, აუცილებელია ამ ქვეყნებში ცხოვრების პირობებზე ზრუნვა, რადგან ჩვენ, ევროპელები ამის შედეგს დაუყოვნებლივ ვიგრძნობთ. არსებობს ორი ვარიანტი, ან მოვახდინოთ სტაბილურობის ექსპორტი, ან გავხდეთ არასტაბილურობის იმპორტიორები“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ახალმა სკოლამ საქართველოს იმედი გაუჩინა და რეგიონის სხვა ქვეყნებიც შთააგონა, რომელთაც ასევე სურთ „ევროპული სკოლა“.