თავდაცვის სამინისტროში „ძლიერთა თამაშების“ მონაწილე სამხედროების გაცილების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში „ძლიერთა თამაშების“ მონაწილე სამხედროების გაცილების ცერემონია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2018) ქართველი მონაწილეების სიდნეიში გაცილების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვა.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მომავალშიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და წარმატების მიღწევაში მხარს დაუჭერს.

თავდაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას მიიღებს სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა, ჰარიმ პირადად გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.