თამარ ხულორდავა - ანდრეს მამიკინსი განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების სექტორში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა
თამარ ხულორდავა - ანდრეს მამიკინსი განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების სექტორში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა

ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშთან მიმართებაში მოლოდინია, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა და ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით მაგალითია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდრეს მამიკინსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროპარლამენტის მომხსენებლის ანგარიში ნოემბერში გამოქვეყნდება.

„წელს პირველად ამზადებს ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიშს. შესაბამისად, ჩვენს შეხვედრაზე საუბარი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა საკითხს შეეხო. ვიზიტის ფარგლებში ანდრეს მამიკინსი ინფორმაციას ყველა მხარისგან მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს, კარგი ანგარიში დაწეროს. მოლოდინი ამ ანგარიშის მიმართ იქნება, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და მაგალითი ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისითა და ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორცილების კუთხით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბევრი რეფორმა ხორციელდება.

„ჩვენი პრიორიტეტი არის ევროპული ინტეგრაცია. ამ მიმართულებას უამრავი რეფორმა ემსახურება, რომელიც ხორციელდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ და აღნიშნა, რომ ანდრეს მამიკინსი განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების სექტორში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

მამიკინსი დღესვე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.