თამარ ჟვანია - კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მეორე ტური არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება
თამარ ჟვანია - კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მეორე ტური არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არის განსხვავებული ჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერი არსებობს არამხოლოდ საარჩევნო კოდექსში, არამედ კონსტიტუციის 70-ე მუხლში, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ მეორე ტური არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორ კვირის თავზე ინიშნება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, კანონში არ არის პირდაპირ მითითებული მეორე ტურის თარიღი უნდა იყოს კვირა დღე თუ რომელიმე სამუშაო დღე.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დღე არის უქმე დღე. რომელ დღესაც დაინიშნება არჩევნები, ის იქნება უქმე დღე. კვირა დღე არის მითითებული არჩევნების პირველი ტურის თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, მისი განცხადებით, ცესკო არჩევნების თარიღთან და ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებას კომისიურად იღებს.

„ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან დაანონსებული იყო ცესკო-ს სხდომა. მას შემდეგ, რაც დასრულდა სააპელაციო სასამართლოში ყველა დავის განხილვა, გუშინ უკვე დაანონსდა. არის წარმოდგენილი დღის წესრიგი. მე, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ვარ ერთი წევრი და მაქვს ერთი ხმის უფლება. რაც შეეხება არჩევნების თარიღს და ყველა გადაწყვეტილებას, ცესკო იღებს კომისიურად“, – განაცხადა  ჟვანიამ და ყველას მოუწოდა 19:00 საათზე დაგეგმილ სხდომას დაელოდონ.