თამარ ჩუგოშვილი - მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შესაძლებლობას არ გამორიცხავს
თამარ ჩუგოშვილი - მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკითხი არაკონსტიტუციურად ცნო და ამას ვერსად გავექცევით, თუმცა გადაწყვეტილება ისე წარმოჩინდა, თითქოს, მარიხუანაზე ყველანაირი რეგულაცია არაკონსტიტუციურად არის ცნობილი. მარიხუანას შეძენა, შენახვა, კულტივაცია და ა.შ. ჯერ კიდევ დასჯად ქმედებად რჩება. ეს გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საკონსტიტუციო სასამართლოს არ აუკრძალავს, რომ მარიხუანას მოხმარების საკმაოდ მკაცრი რეგლამენტაცია გავაკეთოთ. ასეთი რეგულაციები აუცილებელია, რადგან ეს არ არის სივრცე, რომელიც რეგულაციის გარეშე უნდა დარჩეს. თამბაქოს მოხმარებაზეც კი რეგულაციები გვაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს სამართალდამცავ და სამედიცინო ორგანოებთან მიმართებაში, ასევე ბავშვებსა და არასრულწლოვნებთან შემხებლობის თვალსაზრისით.

„რამდენად შორს წავალთ, ამაზე საუბარი გამიჭირდება. პარლამენტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, რადგან ეს სივრცე დღეს ღიაა და გვჭირდება ადეკვატური და სწორი რეგულაცები ნორმალური ევროპული სახელმწიფოს გამოცდილება. ეს თემა ღიად დიდი ხანი ვერ დარჩება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.