სოფო კილაძე - დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს
სოფო კილაძე - დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე თანაგუნდელის, გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო ომი არ ეკადრება.

„სამოქალაქო ომის შესახებ განცხადება ჩვენმა კოლეგამ გააკეთა, რაც მისი პირადი აზრია. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო ომი არ ეკადრება. დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა კილაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის წარმოება.

„პირველ რიგში, ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელსაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ მივხვდით არასწორ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით. შედეგმა დაგვანახა, რომ გადადგმული ნაბიჯები გარკვეულწილად არასწორი იყო, რომლის გამოსწორების დრო ახლა არის. გარკვეული საკითხები რადიკალურად უნდა შევცვალოთ, რაც იმის გარანტი იქნება, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს. არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

სოფო კილაძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გარკვეული გადახალისება მოხდება.