საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ვაშინგტონში კონფერენციაზე ისაუბრეს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ვაშინგტონში კონფერენციაზე ისაუბრეს

ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სახელწოდებით – „ნაცრისფერი ზონების წაშლა“ (Championing the Frontlines of Freedom: Erasing the “Grey Zones”) კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის დესტრუქციული ქმედების შედეგად კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ მწვავე ვითარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მცოცავ ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან რეგიონში გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.

ამასთან, უწყების ცნობით, გამოსვლაში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ, ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს, უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლურ სამყაროსთან საქართველოს კულტურულ და ეთნიკურ კუთვნილებაზე.

„კონფერენციაზე არაერთხელ გაჟღერდა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ვაშინგტონის პოზიცია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციაში.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა კონფერენციაზე აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრა.