საქალაქო სასამართლოში ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 12 მაისს კაფე „გალერისა“ და კლუბ „ბასიანში” სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, ამის მიზეზი ბადრაგირების შეფერხება იყო.

როგორც მურუსიძის ადვოკატმა, გია გოროზიამ სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლუბში არ დაუკავებიათ და ის ღამის საათებში ერთ-ერთ ქუჩაზე დააკავეს.

მურუსიძეს ბრალად თაღლითობა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-გასაღება ედება.

როგორც ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, ნარკოტიკების გასაღების ეპიზოდში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა თაღლითობის ეპიზოდს აღიარებს.

დღესვე, მოსამართლემ მურუსიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხზეც იმსჯელა, ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიერ ქვეყნის დატოვების, დანაშაულის ჩადენის, ასევე გამოძიებისთვის მიმალვის საფრთხე. მოსამართლემ მურუსიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.