მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის შესახებ  ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა 
მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის შესახებ  ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა 

საქართველოში მრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ. შესაბამისი ცვლილებები – “სამოქალაქო კოდექსში” შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

ცვლილებებით განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს.

“საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 12 369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. სარგებელის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება. წლის განმავლობაში, ერთ მრავალშვილიან ოჯახზე ფინანსური შედეგი მინიმუმ – 240 ლარი იქნება. შესაბამისად, 120 ლარით უფრო მეტი იქნება ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ცვლილებებით შეღავათი დაუწესდებათ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, სარეიტინგო ქულა 300 000, ან ნაკლებია.

“ბაზაში რეგისტრირებულია 7525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაგან 99,8 პროცენტს 300 000 ან ნაკლები ქულა აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა მიიღებს”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.