სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო

ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რუსეთისგან  დაცვა იყო, არის და იქნება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა

მისი თქმით, რუსეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია, უცვლელია.

„რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის  ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით – რა თქმა უნდა, რუსეთისგან დაცვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ემიგრაცია ატარებდა ბოლომდე დამოუკიდებლობის დროშასა და იდეას.

„ჩემი დაბრუნება, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო, იყო მიმართული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროპაში საქართველოს დაბრუნებისკენ, სადაც ყოფნა ეკუთვნის. რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვამბობ, ამას ვამბობ დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როდესაც დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და, რის გამოც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოდან და მე დავიბადე საფრანგეთში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე  თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი.

„ასევე, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008  წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც შეიძლება, ყველაზე კარგად ვიცი, ყველა საერთშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.