სალომე ზურაბიშვილი - ქალი პრეზიდენტი შეიძლება, იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე კინკლაობაში ჩართული პოლიტიკოსები
სალომე ზურაბიშვილი - ქალი პრეზიდენტი შეიძლება, იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე კინკლაობაში ჩართული პოლიტიკოსები

უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ქალი პრეზიდენტი შეიძლება, იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე პოლიტიკაში, კინკლაობაში ჩართული პოლიტიკოსები, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აყენებს.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

„რა მინდა ქვეყნისთვის, როცა პრეზიდენტი ვიქნები? პირველ რიგში, ამ ქვეყნის სტაბილურობა, ეყოფა, რაც გაიარა – ომი, კონფლიქტები და ომის დღეები. ეყოფა ამ ქვეყანას შიდა კონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საქართველოს ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ძალიან მძიმე არის ამ კუთხით და პრაქტიკულად, არ მახსენდება სხვა ქვეყანა  მსოფლიოში, რომელმაც ამდენი ტერიტორიები დაკარგა საუკუნე ნახევარში. ეს ყველაფერი გვყოფნის. გვყოფნის შიდა დაძაბულობა, შიდა სიძულვილიც და უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რისთვისაც შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე პოლიტიკაში ჩართული, კინკლაობაში ჩართული პოლიტიკოსები. ეს არის ჩემი მისწრაფება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქვეყანა იყოს სტაბილური. ეს ქვეყანა იყოს გაერთიანებული და გაერთიანებას აქვს სხვადასხვა ფორმა და ასპექტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, უპირველეს ყოვლისა,  ეს არის ადამიანების გაერთიანება.

„ერთნი არასდროს გახდებიან და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გაერთიანება ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე, მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილნი. პატარა ქვეყანას სჭირდება მეტი სოლიდარობა და მთავარ თემებზე  მეტი გაერთიანება. თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთ მტერი. ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ მე,  არამედ ყველამ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველას საერთო მოვალეობაა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი იქნება გასაკეთებელი.

„გაერთიანების მეორე ასპექტი არის პარტიები. თუ გადავხედავთ, მგონი, პარტიების დრო მსოფლიოში საერთოდ დამთავრდა და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა გვიან. პარტიების ნეგატიური ასპექტები კარგად ვიცი, თუნდაც ჩემი წარსული ემიგრაციიდან, სადაც პარტიების შიდა ბრძოლებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საერთო საქმეს – საქართველოს, მისი სურათის და მისი მაშინდელი ოკუპაციის პრობლემის გარეთ გატანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ქართულ დიასპორაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიასპორის რესურსის დაკარგვა არ შეიძლება.

„გაერთიანება ნიშნავს ჩვენი დიასპორის გაერთიანებას, ქართველების, ვინც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ვინც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ერთ მეოთხედს, მესამედს, ესეც არ ვიცით დღეს. ეს არის ჩვენი ადამიანური კაპიტალის და რესურსების დიდი ნაწილი, რომელიც არ შეიძლება დაიკარგოს. დღეს არ ვართ მზად იმისთვის, რომ ვეძახოთ – დაბრუნდით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ამ კავშირებზე, რომ არც ერთი არ დავკარგოთ, გამოვიყენოთ და იყვნენ ჩართულნი საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დიასპორის გარეშე საქართველოს განვითარება არ იქნება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნება დაიწყოს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აღნიშნული მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.