სახელმწიფო ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა
სახელმწიფო ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით. გატარებული ღონისძიებების შედეგად კი, მიმდინარე წლის განმავლობაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 19 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეები, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციაში ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ სახელმწიფო თანხებს“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი 350 000 ლარს აღემატება. ამასთან, გამოძიების პროცესში, მეწარმე სუბიექტების მიერ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული ზიანი 100 000 ლარის ოდენობით.