სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო ხარჯის დეკლარირება დროულად დაიწყონ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო ხარჯის დეკლარირება დროულად დაიწყონ

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში, ცესკო-ში  რეგისტრაციის გავლამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს  ფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი მზად არის ნებისმიერი სახის დამატებითი კონსულტაციებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე,  საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართოს.