საერთო სასამართლოებში, ექვს თვეში, ელექტრონულად 136 348 საქმე განაწილდა
საერთო სასამართლოებში, ექვს თვეში, ელექტრონულად 136 348 საქმე განაწილდა

საქართველოს საერთო სასამართლოებში, ექვსი თვის განმავლობაში, ელექტრონული სისტემით სულ 136 348 საქმე განაწილდა.

საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების ექვსი თვის მონაცემებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს.

საბჭოს მონაცემები შემდეგნაირია:  შემთხვევითი განაწილების პრინციპით – 85 339 საქმე; ელექტრონული პროგრამით, მაგისტრ მოხელეზე – 125 საქმე; მორიგე მოსამართლეზე – 19 811 საქმე; პირდაპირი განაწილებით – 18 571 საქმე (შემთხვევები, რაზეც არ ვრცელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპი); შემთხვევითი გადანაწილების პრინციპის გარეშე – 12 502 საქმე და ამ კოტექსტში საბჭო განმარტავს, რომ შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს; რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში კი, შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 4 შეფერხება და რიგითობის წესით  44 საქმე განაწილდა.

„საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი“ 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, გასული წლის 31 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.