„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლევის მიგნებებს გაითვალისწინებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლევის მიგნებებს გაითვალისწინებს

სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძირითადად დაკავებულია კვლევის ავტორების კრიტიკით და სერიოზულად არ უდგება იმ პრობლემებს, რომელიც ანგარიშშია ასახული, – ასე პასუხობს კვლევის ავტორი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ოლიკო შერმადინი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კრიტიკას, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ, რომელიც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის რისკებს ეხება.

ავტორი იმედოვნებს, რომ საბჭო კვლევის მიგნებებს გაითვალისწინებს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი, ოლიკო შერმადინი მზად არის, საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება კითხვას, რატომ არის კვლევაში მოცემული ინტერვიუები ანონიმური, სადაც რესპონდენტები, სასამართლო სისტემაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ, ოლიკო შერმადინი აღნიშნულს მათი სურვილით ხსნის. მისივე განმარტებით, ანონიმური რესპონდენტების მოსაზრებები ანგარიშგასაწევია.

„ბოლო 2-3 წელია ჩვენს ორგანიზაციაში მოდიან ბიზნესმენები, ინვესტორები და ადვოკატები, რომლებიც ამბობენ იმას, რომ კორუფციის სავარაუდო შემთხვევები მომრავლებულია სასამართლო სისტემაში და მათ აქვთ ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ დღეს სასამართლო სისტემაში საქმეები ლაგდება (ჩაწყობები ხდება) ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გვეცნობებინა. პირები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, სამწუხაროდ საჯაროდ არ აკეთებენ ამ განცხადებებს. ხოლო მათ ღიაობა და საკუთარი შეფასებები თავისუფლად წარმოედგინათ, შესაბამისად ვინაობა ანონიმურად დავტოვეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადვოკატები, რომლებიც არიან წარმოდგენილები, თავიანთ სფეროებში საკმაოდ წარმატებული ადვოკატები არიან. ვფიქრობთ, რომ მათი შეფასებები ანგარიშგასაწევია”,- ამბობს ოლიკო შერმადინი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.