საჩხერის მუნიციპალიტეტში ექვსი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჩხერის მუნიციპალიტეტში ექვსი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ექვსი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ფონდის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.4 მილიონი ლარია.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს 11 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას. გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

ფონდის ცნობით, არსებული გრუნტის გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელის  – ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა და გორიჯვარი, დაახლოებით 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს  გადაადგილებას.