რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს ადგილობრივები გზის მშენებლობას უკავშირებენ
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს ადგილობრივები გზის მშენებლობას უკავშირებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასა და გზების დეპარტამენტის სპეციალისტებს შორის დღეს შელაპარაკება მოხდა.

ადგილობრივები ნალექის შედეგად გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლების დატბორვასა და წყალმოვარდნას რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობას უკავშირებენ. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ გზა არასწორად არის დაპროექტებული. მათი ინფორმაციით, წყალი და არხი ერთმანეთს აცდენილია და წყლის კალაპოტი ღრმა არ არის.

აღნიშნულ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტის ინჟინრები არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გზა და ხიდი სწორადაა დაპროექტებული. ამასთან, მათი თქმით, დასახლების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შესაძლოა, იქ პრობლემები მომავალშიც შეიქმნას.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დასახლებაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. წყალდიდობის შემდეგ, ვერ პოულობენ შინაურ ცხოველებს.