რევაზ არველაძე - არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“, ეს ვერ გაკეთდა 
რევაზ არველაძე - არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“, ეს ვერ გაკეთდა 

ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“, არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რევაზ არველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, სადაც გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები.

რევაზ არველაძის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მინისტრების მეტი არავინ შეცვლილა.

„2013 წლიდან ვამბობ ამას. ნიკოლო მაკიაველი იმიტომ კი არ მომწონს, რომ რადიკალი იყო და ამბობდა, როდესაც ხელისუფლებაში მტერზე გამარჯვებით მოდიხარ, მტერს შვილი კი არა, შვილიშვილი არ უნდა დაუტოვო ცოცხალი, რომ რევანშზე არავინ იფიქროსო. ამას კი არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა მოგვესპო ფიზიკურად, არამედ საუბარია შემდეგზე – არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას.“ სამწუხაროა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა არველაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ზედმეტი დემოკრატიულობა არ სჭირდება.

„მინისტრების მეტი არავინ შეცვლილა, დანარჩენი ყველა დარჩა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული ხალხი მათ უფრო გაუწევდა ანგარიშს, ვიდრე  – ახალმოსულებს.

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ზიანი მივაყენოთ ხელისუფლებას. ვიღაც არ უნდა დაინტერესდეს, რას ნიშნავს ეს? ხელისუფლების ხელის შეშლა ქვეყნის განვითარების ხელის შეშლაა. ამ ხელის შეშლის გამოა, რომ 2013 წლიდან „ქართული ოცნების”  დაპირებების ძალიან დიდი ნაწილი ვერ შესრულდა.  აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს მაინც რაღაც უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა არველაძემ ბიუროს სხდომაზე.