ქეთევან ციხელაშვილი - მარიამობას განსაკუთრებით ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და დევნილებს
ქეთევან ციხელაშვილი - მარიამობას განსაკუთრებით ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და დევნილებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასა და დევნილებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის გაერთიანება მიიღწევა.

„მინდა, პირველ რიგში, მთელ საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო, ყველა ოჯახს  ვუსურვო კეთილდღეობა და მშვიდობა, საქართველოში ყველა ოჯახს ​ჰფარავდეს ღვთისმშობელი. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ეს დღესასწაული ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დევნილებს, მათ, რომელთათვისაც გადაუჭრელი კონფლიქტი არის ყოველდღიური სიმძიმე. გამძლეობასა და მოთმინებას ვუსურვებ. მსურს, გამოვხატო რწმენა და იმედი, რომ მშვიდობიანი და ერთობლივი ძალისხმევით, სიყვარულით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღავლენს. ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.